,, ჩემი სკოლის მატიანე"

,,ჩემი სკოლის მატიანე"
      სსიპ ქალაქ ქუთაისის N34 საჯარო სკოლა, მისამართი: შერვაშიძის N51, ყოფილი ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება. ამ სასწავლო დაწესებულების მიგნება ბევრ ქუთაისელს უჭირს, ზოგმა მისი არსებობაც კი არ იცის. თუ იცის და ერთხელ მაინც შეუღია ამ სკოლის კარი, აქედან გასულს აღუნიშნავს, რომ  განსაკუთრებული სითბო და გარემო დახვდა. ამ ყველაფერს კი იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა რუდუნებით, სიყვარულითა და  მონდომებით დაარსდა ეს სკოლა და დღემდე მოვიდა. 70 –იანი წლების დასაწყისში ქუთაისში ყველაზე მზარდი უბანი განაშენიანების მხრივ ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორია გახლდათ. მათ შორის ის უპრეტენზიო, ქალაქის ცენტრალური უბნებისაგან რკინიგზის მაგისტრალითა და დაუსახლებელი ტერიტორიებით გარშემორტყმული პატარა უბანი, რომელსაც ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება ეწოდებოდა. აქ მოსახლეობის რიცხვის მატებამ, ბავშვების სიმრავლემ და იმ საფრთხის შემცველმა გარემოებამ, რომელსაც კურორტ წყალტუბოსაკენ მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალი შეადგენდა,  სკოლის გახსნის საკითხზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი დააფიქრა. ამ საქმეს განსაკუთრებული მონდომებით ხელი მოჰკიდა ამავე უბანში მცხოვრებმა ბატონმა პავლე ჩხაიძე. მისი თავკაცობით მშობელთა გარკვეულმა ჯგუფმა გამოიჩინა ინიციატივა უბანში სკოლის აშენების თაობაზე. მათ გვერდით დაუდგნენ ავტოქარხნის რაიონის მესვეურები და ქალაქის ხელმძღვანელობის ძალისხმევით  შერვაშიძის ქუჩაზე სულ მალე ოთხსართულიანი, ლამაზი, კოპწია სკოლის შენობა აღიმართა. დასახლებაში მაცხოვრებლები იმედის თვალით შეჰყურებდნენ განათლების ამ კერას, რომელიც მანათობელი შუქურასავით იდგა ახალად განაშენიანებულ უბანში. მის სრულყოფაში აქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანი საკუთარ წვლილს დებდა. მალე საზოგადოება დადგა სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტისა და პედკოლექტივის შეკვრის წინაშე. ეს მისია იკისრა N32 საშუალო სკოლის პედკოლექტივისა და მოსწავლეთა კონტიგენტის ნაწილმა ბატონ პეტრე მალანიას თავკაცობით. ქალაქის განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით N34 საშუალო სკოლის უბნად ითვლებოდა არამარტო ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება, არამედ დღევანდელი ი.აბაშიძის გამზირი. ბატონ პეტრეს მონდომებითა და დაუღალავი შრომით ნამდვილად ღირსეული პედაგოგები ჩაუდგნენ ახალგაზრდა თაობის სწავლა-აღზრდის პროცესს სათავეში. ესენი იყვნენ: დირექტორი– ბატონი პეტრე მალანია, დირექტორის მოადგილე ქალბატონი მედია რობაქიძე, ორგანიზატორი ბატონი რევაზ ლომთაძე. პედაგოგები: ბახტაძე გულიზარი, ფორჩხიძე რუსუდანი, ქომეთიანი ნაირა, სირბილაძე მარგალიტა, ჩომახიძე ნარგიზა, გორდაძე მერი, კოხრეიძე ბარბალე, შანიძე მზია, ბენიძე ელენე, ბუხაიძე ელენე, ობოლაძე ფოთოლა,  კიზირია ნათელა, გოგოუა გალინა, ილინიზი ვერა, კოპალეიშვილი რუსუდანი, დადუნაშვილი იზოლდა, ჩიხლაძე ნორა, გიგიაძე ზანი, მასხარაშვილი დილავარდისა, დევდარიანი ლილი, მოსეშვილი ნაზი, ხუჯაძე იზოლდა, აბულაძე ნაზიბროლა, ნუცუბიძე ცისანა, ბუზიაშვილი თამარი, თევზაძე გივი, თათეიშვილი მარგალიტა,  ყუფარაძე ედუარდ, ბალანჩივაძე დადა, გაბრიაძე ნორა, მანაგაძე ლია, ტოგონიძე ლია. 
სკოლაში სასწავლო პროცესში ჩართული იყო ასევე გახანგრძლივებული ჯგუფები, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ქალბატონი ფოთოლა გეგეშიძე და ზაირა ბალანჩივაძე. მათ ხელში თითქმის სკოლის მოსწავლეთა 80%–ს უწევდა გავლა, ვინაიდან დასაქმებული მშობელებისათვის გახანგრძლივებული ჯგუფი საიმედო დასაყრდენი იყო მათი შვილების  უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის. ამ პედაგოგების სითბო და სიყვარული # 34 საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულს დღემდე მოჰყვება. სკოლაში ასევე ფუნქციონირებდა მუსიკალური შვიდწლედი ბევრმა აქ აღზრდილმა მოსწავლემ თავისი მომავალი მუსიკალურ ხელოვნებას დაუკავშირა. სკოლაში ფუნქციონირებდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნინო ელიოზაშვილი.
ეს გუნდი აერთიანებდა ქართული ხალხური სიმღერებით დაინტერესებულ დიდ კოლექტივს ქალბატონი ნინოს დახმარებით ისინი სიმღერასთან ერთად ეუფლებოდნენ ხალხურ საკრავებს: ჩონგურს, ფანდურს, სალამურს, დიპლიპიტოს, ჩანგს. აღნიშნული ანსაბლი ხშირად გამოდიოდა საქალაქო თუ რესპუბლიკურ ფესტივალებზე და არაერთხელ მიუღია ჟიურის უმაღლესი ჯილდო.
  სკოლას ასევე  ჰყავდა ხალხური ცეკვის ანსაბლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი შალვა შაშიკაშვილი. ცეკვის ანსამბლს დიდი წარმატებები ჰქონდა საქალაქო თუ რესპუბლიკურ დათვალიერებებზე. იგი გასტროლებით გასცდა ქვეყნის ფარგლებს და უცხო მაყურებელიც აზიარა ქართულ კულტურას. ამ ანსაბლში აღზრდილია მოცეკვავე ხვიჩა თეთვაძე, რომელიც შემდეგში თავად ნინო რამიშვილმა მიიწვია ანსამბლ "სუხიშვილებში".
  ქუთაისის #34 სშუალო სკოლის ბაზაზე შეიქმნა შრომის კაბინეტი აღჭურვილი სამკერვალო დანადგარებით.
ამ კაბინეტს ხელმძღვანელბოდა ქალბატონი სულიკო ყიფიანი. მისი ძალისხმევით სკოლის შრომის კაბინეტს შეფობას უწევდა გელათის სამკერვალო კომბინატი.
კვირაში ერთი დღე უფროსკლასელებს ჰქონდათ შრომითი პრაქტიკის დღე. როდესაც ჰქმნიდნენ პროდუქციას. ეს პროდუქცია კონკურენციას უწევდა კომბინატის მიერ გამოშვებულ საქონელს და "გელათის" სამკერვალო ნიშნით გადიოდა სამომხმარებლო ქსელში. მოსწავლები კი შესრულებული სამუშაოსათვის  ანაზღაურებას  იღებდნენ. თავდაპირველად ეს პროექტი ხორციელდებოდა N34 საშუალო სკოლის ბაზაზე, შემდეგში კი ავტოქარხნის სკოლების უმეტესობა ჩაერთო.    
 შრომითი საქმიანობა ვაჟებისთვის ავტოქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ ცეხებში გრძელდებოდა. აქ ისინი ეუფლებოდნენ სხვადასხვა სპეციალობებს. მათთვის შრომის კაბინეტი სკოლის ბაზაზეც იყო მოწყობილი. მისი აღჭურვა ავტოქარხნის ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოხდა. აღნიშნულ კაბინეტს წლების მანძილძე ხელმძღვანელობდა პედაგოგი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გივი თევზაძე. მან ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხის დამუშავების ტექნოლოგიას. სკოლის კურსდამთავრებულთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა პროფესიასაც ხეზე მუშაობა წარმოადგენს. ზოგიერთმა მათგანმა ეს პროფესია ხელოვნების დონეზე აიყვანა: პაატა ბუხრაშვილის მიერ შექმნილი ნაკეთობები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგნენ.
    დავუბრუნდეთ მთავარ დანიშნულებას  აკადემიური ცოდნის გადაცემას. ამ საქმეს ნამდვილად პროფესიონალი ადამიანები უძღვებოდნენ. ძნელია რომელიმეს გამორჩევა: ბატონი ოთარ გოგელაშვილი თუ ქალბატონი იზო ხუჯაძე, ქალბატონი ნანა ქომეთიანი, თუ ქალბატონი ნაზი მოსეშვილი, ქალბატონი ლილი დევდარიანი თუ ქალბატონი ნარუშა გედენიძე ...თითოეული მათგანი თავისი საქმის ღრმადმცოდნე, პროფესიონალი და ახალგაზრდა თაობის სიყვარულით გამთბარი პიროვნებები. მათ მიერ ანთებული სანთელი დღესაც კელაპტარივით უნათებს გზას  აღზრდილებს: ზოგს ექიმს, ზოგს ინჟინერს, ზოგს ხელოვანს, ზოგს პედაგოგს, ზოგს ხუროს, ზოგს ზეინკალს, ზოგს უბრალოდ ადამიანს – ადამიანური ღირსებებით სავსეთ. სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო, ამ სკოლის პედაგოგები ყოველთვის გამორჩეულად თბილი და თავმდაბალი პიროვნებები იყვნენ. აქედან წასულ თანამშრომელს ყოველთვის თან მიჰყვებოდა საგზლად ნოსტალგია იმ ურთიერთობისა, რომელსაც #34 საჯარო სკოლა ჰქმნიდა და არა მარტო თანამშრომელს. სკოლა აღჭურვილი იყო კაბინეტ– ლაბორატორიებით, სადაც მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი მრავალი თვალსაჩინოება ინახებოდა. სკოლა დღესაც ამაყობს ბიოლოგიის კაბინეტში დაცული მასალებით.  სკოლაში ხშირად ეწყობოდა საქალაქო გაკვეთილები, სადაც იწვევდნენ მეთოდისტებსა და  წამყვან პედაგოგებს.
    სკოლის ქართულისა და ისტორიის პედაგოგების ძალისხმევით ხშირად იმართებოდა საქალაქო დონის ღონისძიებები, იდგმებოდა სპექტაკლები და ეწყობოდა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. 


 სკოლაში საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა პიონერია და კომკავშირი,
რომელსაც ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დროს - ნუნუ ფულარიანი, თამარ ბოჭოიძე, დარეჯან ჩხაიძე..




მიუხედავად პარტიული ნიშნისა, აღნიშნულ ორგანიზაციებში მოსწავლეები ბევრ მამულიშვილურ საქმიანობას ეწეოდნენ: ეწყობოდა ლაშქრობები, ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში, შემეცნებითი ღონისძიებები. სკოლაში წლების მანძილზე მოქმედებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, რომელიც 1987 წელს გახდა ფინალისტი და მეორე ადგილი დაიკავა ქალაქის მასშტაბით, მათ ღირსეულ მემკვიდრედ შეიძლება ჩავთვალოთ 2013 წლის ფინალისტი  ჯგუფი ,,რიკოშეტი".
   მოსწავლეების მიერ შექმნილი სკოლის ბაღი და ისტორიის კაბინეტი, რომელსაც ქალბატონი ნორა ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა სკოლის სავიზიტო ბარათს წარმოდგენდნენდა, ისინი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
     
 სკოლის კურსი დღესაც უცვლელია. კოლექტივის თითოეული წევრი ემსახურება მომავალი თაობის აღზრდის საქმეს პირნათლად და ღირსეულად, მაგრამ სკოლა მაინც უჩივის მცირე კონტიგენტს, რაც წლების მანძილზე უგზოობამ და უბანში საბავშვო ბაღის გაუქმებამ გამოიწვია.
   2014 წელს მოხდა სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სკოლას აქვს ცენტრალური გათბობა, ახალი ფასადი და სახურავი, პერიოდულად მარაგდება ახალი სასწავლო ნივთებითა და ტექნიკით. არის სექმნილი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთო გარემო
   დღეისათვის  სსიპ ქალაქ ქუთაისის #34 საჯარო სკოლას აქვს ყველა პირობა მომავალი თაობის სწავლა–არზრდის პროცესის გამართულად წარმართვისათვის და ამ საქმეში  მისი ყოველი თანამშრომელი თავდაუზოგავად   იღწვის.

სსიპ ქალაქ ქუთაისის #34 საჯარო სკოლის მესვეურები დიდ მადლობას ვუცხადებთ ქალაქ ქუთაისის მერიას კონკურსის: "ჩემი სკოლის მატიანე" – გამოცხადებისათვის. ამ პროექტში ჩართვა ნამდვილად საშური საქმეა. აწმყოს ყოველი წამი ხომ მატიანის კუთვნილება ხდება. ჩვენც ხომ ერთ მშვნეიერ დღეს წარსული გავხდებით. სასიამოვნოა, მომავლის მიერ წინა თაობის არ დავიწყება და პატივის მიგება. ამ პროექტში ჩართვის დიდი სურვლის მიუხედავად, ბლოგზე მწირი ინფორმაცია გვაქვს დადებული (ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრეთ, რომ საერთოდ არ ჩავრთულიყავით პროექტში ასეთი მწირი ინფორმაციის გამო) ქალაქის არქივში არ არსებობს დოკუმენტაცია, მსგავსი ინფორმაცია სკოლაშიც არ მოგვეპოვება და მიუხედავად ამისა გავკადნიერდით და მაინც გადავწვიტეთ პროექტში მონაწილეობის მიღება. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი სკოლის წარსულზე საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდეს, ქალბატონებს: ლეილა რევიშვილს, ფოთოლა გეგეშიძეს, ნელი კუხალაშვილს და ნუნუ კაშიას.


ძვირფასო მკითხველო თუ ჩათვლით რომ ჩვენი სკოლის შესახებ ფლობთ საინტერესო ინფორმაციას ან ფოტოსურათებს გთხოვთ დაგვიტოვოთ კომენტარის სახით